მალხაზ ერქვანიძე
დაიბადა 1963 წელს სამტრედიის რ-ნის დაბა კულაშში. მისი, როგორც მუსიკოსის ცხოვრებისეული გზის განსაზღვრაში მამას, ალექსანდრე ერქვანიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. 1978 დაამთავრა კულაშის მუსიკალური სკოლა, რომელიც დაარსებულია ალექსანდრე ერქვანიძის მიერ. იმავე წელს, სწავლის გაგრძელების მიზნით, აბარებს თბილისის მესამე მუსიკალურ სასწავლებელში. 1982 წელს შედის თბილისის ვ. სარაჯიშვილის კონსერვატორიაში მუსმცოდნეობის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან სპეციალობას ირჩევს ქართულ ფოლკლორში კახი როსებაშვილთან. კონსერვატორია დაამთავრა 1990 წელს სადიპლომო ნაშრომით „ქართული მუსიკის წყობა“. კონსერვატორიაში სწავლის წლებში აყალიბებს გუნდს, რომელიც თავიდან ცნობილი იყო როგორც კონსერვატორიის სტუდენტთა ანსამბლი, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგივე გუნდი იწყებს გალობას ანჩისხატის ტაძარში და ამიერიდან გუნდი ატარებს ამავე ტაძრის მეტად საპატიო სახელს. მ. ერქვანიძე ამ გუნდს ხელმძღვანელობდა თითქმის ოცი წლის განმავლობაში. 1998 აყალიბებს ფოკლორულ გჯუფს „ძველი კილოები“, რომელსაც ორიოდე წლის შემდეგ შეუერთა ანჩისხატის გუნდის წევრები. თავდაპირველად საკონცერტო გამოსვლებს ისინი ორივე სახელით ატარებენ, ხოლო შემდგომში კი ერთი, ანჩისხატის გუნდის სახელით გამოდიან. როგორც წესი ყოველ წელს ატარებენ საანგარიშო კონცერტებს თბილისში. ამავე დროს ხშირად დადიან საზღვარგარეთ. კერძოდ: საბერძნეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ავსტრია, ინგლისი, გერმანია, აშშ, კანადა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ მ. ერქვანიძის ხელმძღვანელობით ანჩისხატის გუნდმა საქართველოში აღადგინა შუა საუკუნეების უნიკალური ქართული გალობა, რომელიც მივიწყებული იყო.
2007 წლიდან გადადის თბილისის მამა დავითის სახელობის ტაძარში და დღემდე იქ გალობს თავის სტუდენტებთან ერთად. ასევე, იგი ხელმძღვანელობს მეორე ფოლკლორულ ანსამბლს, რომელსაც „სახიობა“ ჰქვია.
მას გამოცემული აქვს რვა სხვადასხვა შინაარსის მქონე სანოტო კრებული და ათამდე სამეცნიერო ნაშრომი. არის საპატრიარქოსთან არსებული სამგალობლო ცენტრის ერთერთი დამაარსებელი და თანამშრომელი. ასწავლის თბილისის საულიერო აკადემია-სემინარიაში და სახ. კონსერვატორიაში გალობას. კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა გუნდებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. მის ინტერესს წარმოადგენს ძველი ქართული მუსიკალური სისტემის კვლევა, რომელშიც შედის: ქართული მრავალხმიანობის კილოს, სტრუქტურის, აზროვნების, ბუნების შესწავლა; ქართული სიმღერა-გალობის ინტონირების საკითხის კვლევა, ხმათა შეწყობილოს პრინციპების აღდგენა-დანერგვა, გალობა-სიმღერის ურთიერთობების კვლევა და სხვა. მისი იდეით შექმნილ გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში, რომელშიც იგი კათედრის გამგის თანამდებობაზე მუშაობს, წარმატებით ხორციელდება მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები რთული მუსიკალური სისტემის კვლევის ურთულეს გზაზე. ამჟამად იგი 52 წლისაა და წინ მრავალი საინტერესო ჩანაფიქრის გადაწყვეტა აქვს მიზნად დასახული