მალხაზ ერქვანიძის სამეცნიერო ნაშრომის რეზიუმე
სადისერტაციო ნაშრომი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: საისტორიო და სამუსიკო. ნაშრომში XIX საუკუნეში ქართული გალობის ნოტებზე გადაღების პერიპეტიები წარმოდგენილია ისეთ ჭრილში, რომლის ღრმა მეცნიერული გაანალიზება გამოავლენს და ცხადყოფს ერთის მხრივ XIX საუკუნეში ქართული გალობის ერთნაირი წარმატებით გადარჩენასაც და დაკნინებასაც, ხოლო მეორეს მხრივ დღევანდელ დღეს ქართული გალობის აღდგენის სწორი გეზის დასახვას და მისი აღდგენისთვის აუცილებელ საჭიროებას - ტრადიციული ფორმების დამკვიდრებას.
დისერტაციის საისტორიო ნაწილში წარმოდგენილია:
• XIX საუკუნის პრესის ანალიზი იმის შესახებ თუ რა წინააღმდეგობები იყო, რა რეალობის საფუძველზე ხდებოდა საგალობელთა ნოტებზე ფიქსაცია.
• საგალობელთა ნოტებზე ფიქსაციის დროს დედანთან მიმართებაში რა აისახა და რა ვერ აისახა ნოტებზე. წარმოჩენილია საგალობლების ნოტებზე გადატანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნოტებზე დაფიქსირებული ქართული გალობის ნაკლოვანებები და მისი ნოტების ამ სახით პრაქტიკული გამოუყენებლობა.
• ისტორიულ ასპექტში მოძიებულია ის წყაროები, რომლებზე დაყრდნობითაც და ასევე სანოტო მასალის გათვალისწინებით, გამოკვლეულია QQ ფონდის მიკუთვნება გელათის სამგალობლო ტრადიციისადმი.
• საისტორიო ნაწილში მოყვანილია ქართული მრავახმიანობის შესახებ ისეთი ცნობები, რომლებიც აქამდე არ განხილულა აქტიურად. ასეთ ცნობებს კი დიდი ისტორიული ღირებულება გააჩნიათ.
• გიორგი მერჩულის (IXს.) საყოველთაოდ ცნობილ ციტატას განვიხილავთ, როგორც ყველაზე არდეულ მტკიცებულებას ქართული ტრადიციული გალობის არსებობის. ჩვენი ღრმა რწმენით აქ გამიჯნულია სხვადასხვა გვარები ბერძნული და ქართული გალობებისა.
• ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით დასმულია საკითხი ქართული გალობა-სიმღერის ზოგიერთი აქამდე უცხო ტერმინის აღდგენისა და ხმარების შესახებ. მოძიებულია რამდენიმე ცნობა, რომლებშიც ნახსენებია ქართული მუსიკალური ტერმინები, ხოლო ნაცნობ წყაროებში ჩვენ მიერ ყურადრებაა გამახვილებული უნიკალურ ტერმინებზე, რომელთა აღდგენას და წარმოჩენას დიდ მნიშვნელობა გააჩნიათ.

მუსიკალური ნაწილი:
• ჩატარებულია შრომატევადი სამუშაო, რომლის შედეგად სახეზეა მუსიკალური სისტემა, რომელზეც დამყარებულია ქართული გალობა-სიმღერა. რომელი სისტემითაც გადასცეს ჩვენმა წინაპრებმა ქორიძეს და სხვებს გალობა და რაც ვერ დაფიქსირდა ხუთხაზიან სისტემაზე.
• სმენითი აღქმისა და კომპიუტერის ერთობლივი ძალისხმევით ძველ ავტორიტეტულ აუდიო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგენილია ძირითადი გენერალური ბგერათწყობა. გამოვლენილია ძირითადი გენერალური ბგერათწყობა ორი ტეტრაქორდის ერთმანეთთან ორგვარი შებმის მეთოდით: შერწყმული და გაყოფილი.
• გამოთქმულია სარწმუნო ვარაუდი ქართული ბგერათწყობის, თავის დროზე წინასწარგანსაზღვრულობისა და მრავალხმიანობისთვის გათვლის შესახებ, რომელიც აგებულია კვარტა-კვინტა-ოქტავურ ინტერვალურ შეწყობილობებზე.
• გამოვლენილია ძირითადი რვასაფეხურიანი ერთი უნიკალური კილო ტეტრაქორდების ერთმანეთთან ორგვარი შებმის მეთოდით. სხვაგვარად შეგვიძლია ორ მცირედით განსხვავებულ კილოზე ვიმსჯელოთ, ან წარმოვიდგინოთ ერთი ძირითადი კილო ორი თანაბარუფლებიანი ცენტრის არსებობით, ერთი, ზემოდან I და მეორე ზემოდან IV საფეხურების ცენტრების გათვალისწინებით. ჩვენი ღრმა ვარაუდით ამ უნიკალურ კილოზეა აგებული სამგალობლო მრავალხმიანობა. ქართულ გალობაში კილოებს არ აქვთ ისეთივე დატვირთვა როგორც, მაგალითად ბერძნულ ტრადიციაში არსებობს, რომლებსაც რვა ხმის შესაბამისად ცვლიან. ქართულ სინამდვილეში მრფავალფეროვნებას ქმნის პირველ რიგში მრავალხმიანი გალობა, მუხლების ნაირგვარობა სხვადასხვა საფეხურებთან მიმართებაში, გამშვენების ტიპები, ჭრელები, ხმათა შეწყობილობის პრინციპები.
• საგალობლებში სხვადასხვა სამგალობლო სკოლებში არსებული დეფიციტის გამო შემუშავებულია ზოგადი პრინციპები, რომელთა მეშვეობითაც სრულიად შესაძლებელი ხდება ერთი სამგალობლო კილოს საგალობლების ტრანსფორმირება სხვა სამგალობლო კილოს ტრადიციაში. ასეთი მეთოდით არაერთი საგალობელი ჩვენ მიერ ტრანსფორმირებული(იხ. ქართული გალობა ტ. V)
• დადგენილია მოდულაციური სისტემები
• დასაბუთებულია კილოს განსაზღვრის ახალი ხედვა. არა ბანის მიხედვით, არამედ ზედა ხმის მიხედვით.
• დამტკიცებულია კილოს დაღმავალობა. ამდენად საფეხურის ათვლა უნდა წარმოებდეს არა ქვევიდან ზევით, არამედ ზევიდან ქვევით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
• გამოვლენილია ხმათა მოძრაობის წესები. გამიჯნულია სრულფასოვანი ინტერვალებისა და აკორდების, როგორც დამოუკიდებელი ერთეულების, ვერტიკალ-ჰორიზონტალში გაწონასწორებულების, რომლებიც პარალელურად მოძრაობენ და არასრულფასოვანი ინტერვალებისა და აკორდების, რომლებიც მხოლოდ ვერტიკალში წარმოიქმნებიან.
• ამ კვლევების შედეგად შესაძლებელი ხდება აღვადგინოთ საგალობლების დედნისეული ჟღერადობა.
• კანონიკის კვლევის გზაზე გადადგმულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი მუხლი როგორც კანონიკური სტრუქტურული ერთეული.
• ასევე, კანონიკის კვლევის გზაზე დავიწყეთ საკმაოდ ფართო ექსპერიმენტი. ვადარებთ ერთმანეთს ქართულ და ბერძნულ საგალობლებს. ვიპოვეთ არაერთი თვალსაჩინო პარალელი, რაც განამტკიცებს იმ აზრს, რომ საგალობლების შექმნაში სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიის ჰიმნოგრაფები მოქმედებდნენ ერთი პრინციპით, რაც პირველ რიგში გამოიხატებოდა საგალობლის სრტუქტურული კანონზომიერებების დაცვაში.
• ნაშრომში პირველადაა გამოტანილი საშემსრულებლო მანერის საკითხის მეცნიერული გაანალიზება. სამგალობლო განხილულია საღმრთისმეტყველო გააზრებით.
• ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ ვთავაზობთ ჩვენეულ ხედვას, რასაც ასევე საღმრთისმეტყველო მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ჩამოთვლილი პუნქტებიდან მრავალი მათგანი მეთოდოლოგიური და მეცნიერული თვალსაზრისით წარმოადგენს სიახლეს.